საზოგადოება ცოდნა

  • Print

საზოგადოება "ცოდნამ"  დაარსების დღიდან საინტერესო გზა განვლო. საზოგადოება „ცოდნა“ დაფუძნდა 1947 წლის  მაისში. საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები და მწერლები: ნიკოლოზ მუსხელიშვილი. ივანე ბერიტაშვილი, შალვა ამირანაშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, ნიკო ბერძენიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხჩიშვილი, ნიკო კეცხოველი, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, სიმონ ჩიქოვანი და სხ. საზოგადოებაში გაერთიანდნენ ეროვნული მეცნიერების და  კულტურის თვალსაჩინო და ცნობილი  წარმომადგენლები. საქართველოს საზოგადოება „ცოდნის“ გამგეობის პირველ თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. ამით  ხაზი გაესვა  მეცნიერებათა აკადემიის და  საზოგადოება „ცოდნის“ მყარ ურთიერთკავშირს. საზოგადოება „ცოდნის“ თავჯდომარეები იყვნენ აკადემიკოსები  გიორგი ძოწენიძე, ევგენი ხარაძე,ანგია ბოჭორიშვილი, ალეკო თავხელიძე, საქართველოს პირველი ელჩი თურქეთში, თურქეთის აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ კომახიძე. 1990 წლიდან საზოგადოება „ცოდნას“ ხელმძღვანელობს  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი. მისი ძალისხმევით 1993 წელს დაარსდა საქართველოს გურამ რჩეულიშვილის საზოგადოება. 90-იანი წლებიდან საზოგადოება ”ცოდნის” მუშაობის სიახლეა მის ბაზაზე ჩამოყალიბებული ლიცენზირებული სამედიცინო სასწავლებელი. ხოლო ღირსეული გამგრძელებელი - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ”საზოგადოება ცოდნის”  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2007 წლიდან სახელმწიფო აკრედიტებულ სასწავლებელთა ნუსხაშია.